პრო ბონო მემორანდუმის გაფორმება

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“ (სიფა) და სახელმწიფოს მიერ შექმნილი იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ზვიად კორძაძემ და მელიტონ ბენიძემ.

მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, რომლებზეც სახელმწიფო უფასო საადვოკატო მომსახურებას არ ახორციელებს, გადახდისუუნარო პირებს, უფასოდ, სიფა-ს წევრი საადვოკატო კომპანიები მოემსახურებიან. მხარეებს შორის თანამშრომლობა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეთანხმების მიხედვით, ამოქმედდება რეფერალური მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სიფა-ს წევრ იურიდიულ კომპანიებში გადაამისამართებს. საადვოკატო ფირმები კი, პრო-ბონო საქმიანობის ფარგლებში, უფასოდ განახორციელებენ სასამართლოში წარმომადგენლობას და იურიდიული დოკუმენტების შედგენას. აღნიშნული სერვისების მიწოდება საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით მოხდება. მომსახურების მიღება თბილისში იქნება შესაძლებელი.
საქართველოს კანონმდებლობით, გადახდისუუნარო პირებისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა მხოლოდ სახელმწიფოს ევალება. პრო-ბონო კი წარმოადგენს საადვოკატო კომპანიების ნებაყოფლობით საქმიანობას, რომლითაც იურიდიული ფირმები თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრო-ბონო საქმიანობას ორგანიზებული ფორმა ეძლევა.