ზვიად კორძაძის განცხადება თიბისი ბანკის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

თიბისი ბანკის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ზვიად კორძაძემ როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, საჭიროდ ჩათვალა რამდენიმე განმარტების გაკეთება:

  • 2007-2008 წლებში თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად. ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა სამგორიდან აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (‘ფულის გათეთრების’) ნიშნებს.
  • ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა…“

  • აღნიშნული ტრანსაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

  • მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას.

ზვიად კორძაძე
ადვოკატი